პირველი ყოველთვის განსაკუთრებულია.

პირველი წიგნი, ზეიმი, კოცნა, გააზრება, ამერიკული მთებისგან გამოწვეული ადრენალინი თუ ხტომა ვერტმფრენიდან. თითქოს, რაღაცის პირველად შეგრძნება მეტ ვალიდურობას სძენს ჩვენს რეაქციას, ემოციასა და საბოლოოდ – მოგონებას.

ჰო და, გამარჯობა, მკითხველო. მე ჰედონე ვარ და ეს ჩემი პირველი ბლოგია.

ჩემზე ამბობენ, რომ სიამოვნების, ტკბობისა და აღტაცების ქალღმერთი ვარ. არც კი მჯერა, ამას რომ ვყვები..

ყოველთვის უხერხულობას მიქმნიდა მეგობრების ჩემსთან სტუმრად მოწვევა. როგორია, Gen Z – ის წარმომადგენელს შენს ანტიკურ ოჯახს რომ აცნობ: ეს მამაჩემია – ეროსი, სიყვარულის ღმერთი. ეს კი, დედაჩემი – საიქი, სულის საზრდოობის ქალღმერთი. ნეტავ მათი სახეები განახათ. მანამ ორთქლდებიან, სანამ ჩემი და-ძმების წარდგენაზე გადავალ.

თან, ჩემი სახლიც, როგორ ვთქვა.. „ცოტათი“ არასტანდარტულია.. მთლიანად სიმშვიდეზე, სიწყნარესა და ბუნებასთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებაზეა აგებული. როცა ვაშენებდით, მაშინ ჩავუთქვი – ყველას, ვინც ჩემი სახლიდან გავიდოდა, თავი იმაზე უკეთ ეგრძნო, ვიდრე შემოსვლისას..

რახან დრო შეიცვალა და თანამედროვენი მითოლოგიას არც თუ ისე სწყალობენ, მკრეხელობაში რომ არ ჩამეთვალოს და თვითმარქვია ქალღმერთის სტატუსი არ მომაწებონ, იმას გაგიზიარებთ, რაც მთელი ეს დროა მეხმარება შევინარჩუნო სიმშვიდე, ტონუსი, ვმართო ფიქრები და გავჯანსაღდე.

ცხოვრების ქაოტური ტემპის დაბალანსებისთვის, რამდენიმე ხერხს ვიყენებ. ჩემი ბლოგის მიზანიც სწორედ ეს არის. მინდა, ჩემი პრაქტიკული ცოდნა, გამოცდილება და საიდუმლოებები  გაგიზიაროთ, რომლებიც, რა ხანია,  სკივრში მაქვს შენახული.

ადევნეთ თვალი ჩემს ბლოგს და გამომყევით ესთეტიურობის მრავალფეროვან სივრცეში სამოგზაუროდ.

იგრძენი თავი ჯანსაღად, ყველაფერი ხომ ჯერ კიდევ წინაა!